კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უარყოფს ბრალდებებს, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ომის დანაშაული ჩაიდინა და იზიუმში აღმოჩენილ მასობრივ საფლავებს სიცრუეს უწოდებს.
- “ეს იგივე სცენარია, რაც ბუჩაში იყო. ეს ტყუილია, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს”, – თქვა მან.
ცნობისთვის, 16 სექტემბერს, ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმთან მდებარე ტყეებში მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს, სადაც სავარაუდოდ სამოქალაქო პირები და სამხედროები არიან დამარხული. მედია ავრცელებს ფოტოებს, რომლებიც უკრაინელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს. ფოტოებზე აღბეჭდილია საფლავები, რომლებიც რუსული არმიის გასვლის შემდეგ დარჩა. ქალაქი იზიუმი რამდენიმე თვის განმავლობაში რუსი ოკუპანტების მიერ იყო დაპყრობილი.
ზოგიერთ საფლავზე ჯვარია, მათზე კი წარწერები. ზოგან ჩანს გვირგვინები. ზოგ სამარხს არანაირი ნიშანი არ აქვს. წარწერები ასეთია: “ВСУ, 17 ადამიანი, მორგიდან, “345“, “412“. უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხების კურატორი, ოლეგ კოტენკო ადასტურებს ფოტოების ნამდვილობას. ამჟამად ის ადგილზე იმყოფება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, ალექსეი კოპიტკომ განაცხადა, რომ ოკუპანტების მიერ იზიუმისთვის მიყენებული ზიანი და ნგრევა თავისი მაშტაბებით რამდენიმე ბოროდიანსკს უდრის, მსხვერპლის რაოდენობით კი მინიმუმ ორ ბუჩას კიევის ოლქიდან.
კოპიტკოს თქმით, იზიუმში რუსებმა მეტი რაკეტები ჩამოყარეს, ვიდრე მარიუპოლში, თუმცა მოსახლეობა იზიუმში 10–ჯერ ნაკლები იყო.