ბრიტანეთის მთავრობა სკანდალშია გახვეული. ტაბლოიდ The Sun–ის მიერ გამოქვეყნებულ მასლაში ჩანს, რომ ჯანდაცვის მინისტრი მის მეგობარ ქალს, ჯინა კოლადანჯელოს კოცნის. ქალი გათხოვილია, მინისტრი კი დაოჯახებული, თუმცა მხოლოდ ეს არ არის პრობლემა, რის გამოც ოპოზიცია მინისტრის გადადგომას ითხოვს.
25 ივნისს დილით დაწყებული სკანდალი მხოლოდ მორალის და ზნეობის საკითხი არ არის. პანდემიისას ჰენკოკი არაერთხელ ამბობდა, რომ ბრიტანეთის სამეფოს მოქალაქეებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან, განსაკუთრებით საჯარო სივრცეებში. ამასთან, ჰენკოკი და კოლადანჯელო როგორც ჩანს ჯანდაცვის სამინისტროს ოფისში კოცნიდნენ ერთმანეთს და ეს წელს ხდებოდა.
ისინი ერთმანეთს ოქსფორდიდან იცნობენ, სადაც ერთად სწავლობდნენ. თუმცა, გარდა ამისა, მათი ურთიერთობა უფროსისა და დაქვემდებარებული თანამშრომლის ურთიერთობაც არის. კოლადანჯელო 2020 წლის სექტემბრიდან ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული საბჭოს წევრია და ამისათვის ანაზღაურების სახით წელიწადში 15 ათას ფუნტს იღებს. ეს თითქმის სამჯერ ნაკლებია ლონდონში საშუალო წლიურ ხელფასთან შედარებით, თუმცა ამ სამსახურში წელიწადში მხოლოდ 15-20 დღიანი მუშაობაა საჭირო.
43 წლის ჰენკოკი დაქორწინებულია. მას სამი შვილი ყავს. ჯინა კოლადანჯელოც დაქორწინებულია.
ლეიბორისტული პარტია კონსერვატორი მინისტრის გადადგომას ითხოვს.
პარლამენტის ჩრდილოვანი კაბინეტის სპიკერმა, ანა –ლიზა დოდსმა განაცხადა, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი გადასახადის გადამხდელთა ფულთან დაკავშირებით, რადგან ჰენკოკმა კოლადანჯელო ისეთ თანამდებობაზე დანიშნა, რომლის ხელფასის ანაზღაურება ბიუჯეტიდან ხდება.
ანალოგიურ სიტუაციაში პანდემიის დასაწყისში ჰენკოკმა მეცნიერ–ეპიდემიოლოგი, ნილ ფერგიუსონი მკაცრად გაკიცხა. მაშინ სკანდალი მოჰყვა იმას, რომ პროფეორი, რომელიც ეპიდემიოლოგიურ საკითხებში მთავრობის მრჩეველი იყო კარანტინის მიუხედავად საყვარელ ქალს შეხვდა. ბრიტანულმა მედიამ გამოაქვეყნა მასალა იმის შესახებ, რომ ფერგიუსონს მინიმუმ ორჯერ კარანტინის დროს სახლში სტუმრობდა საყვარელი, რომელიც ამავე დროს გათხოვილია. ამის გამო ფერგიუსონი იძულებული გახდა თანამდებობიდან წასულიყო.
მაშინ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ფერგიუსონის საქციელი გასაოცარია და პროფესორი აღარ შეიძლება მთავრობის მრჩევლის თანამდებობაზე დარჩეს. ჰენკოკმა ფერგიუსონს გამოჩენილი მეცნიერი უწოდა, მის მუშაობას კი ეპიდემიაზე რეაგირების ზომების შემუშავებაში მნიშვნელოვანი, თუმცა თქვა, რომ სოციალური დისტანცირების წესები ძალიან სერიოზულია და ყველასთვის ერთნაირად უნდა მოქმედებდეს.
ლეიბორისტული პარტიის ჯანდაცვის საკითხების მთავარმა სპიკერმა, მუნირა უილსონმა განაცხადა, რომ მინისტრმა უხეშად დაარღვია მისივე შემოღებული წესები საზოგადოებრივ ადგილებში სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით.
“სწორედ მან აუკრძალა ოჯახებს საყვარელი ადამიანების ჩახურება, თვითონ კი ამავე დროს რასაც უნდოდა იმას აკეთებდა საკუთარ სამუშაო ადგილზე“– თქვა მან.
დოდსმა დასძინა, რომ პრემიერმა ჯონსონმა დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას თანამდებობიდან ჯანდაცვის მინისტრი.
მთავრობა ჯერჯერობით მინისტრს იცავს და აცხადებს, რომ კოლადანჯელოს დანიშვნა მის თანამდებობაზე ყველა სტანდარტულ პროცედურას შეესაბამებოდა და წესები არავის დაურღვევია.
ჰენკოკმა გუშინ კოვიდ ვაქცინაციის ერთ–ერთ ცენტრში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. The Sun–ის პუბლიკაციიდან რამდენიმე საათში კი განცხადება გააკეთე და აღიარა, რომ მართლაც დაარღვია სოციალური დისტანცირების წესები:
“ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანებს იმედი გავუცრუე. გავაგრძელებ მუშაობას და ფოკუსირებული ვიქნები იმაზე, რომ ქვეყანამ პანდემიას თავი დააღწიოს“–თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს, მინისტრმა თქვა, რომ მადლობელი იქნება, თუ ადამიანები მისი პირადი ცხოვრების უფლებას დაიცავენ.
ეს უკვე მეორე ხმაურიანი სკანდალია ჰენკოკის მონაწილეობით. 16 ივნისს პრემიერის ყოფილმა მრჩეველმა, დომინიკ კამინგსმა ბორის ჯონსონთან WhatsApp–ით მისი მიმოწერის ფრაგმენტი გაასაჯაროვა. მიმოწერაში პრემიერმა ჯონსონმა საკუთარ მინისტრს “სრულიად უიმედო“ უწოდა და ამ შეფასებას გინებაც მოაყოლა. მთავრობამ ეს ფაქტი უკომენტაროდ დატოვა.
სხვათა შორის, თავად კამინგსმა ორჯერ დაარღვია შემზღუდავი ზომები: თავიდან ოჯახი მოინახულა, რომლის ერთ–ერთ წევრს სავარაუდოდ კოვიდი ჰქონდა, შემდეგ კი მანქანით სასეირნოდ წავიდა, ჟურნალისტებს კი უთხრა, რომ ამ გზით საკუთარი მხედველობა შეამოწმა.
პრემიერ ჯონსონის სპიკერმა განაცხადა, რომ მეტ ჰენკოკმა კოვიდის წესების დარღვევის გამო პრემიერს ბოდიში მოუხადა, რის შემდეგაც ჯონსონი “საქმეს ამოწურულად თვლის.“