სკანდალი ზუგდიდის სკოლაში: მასწავლებლის ფეისბუქ სტატუსს დისციპლინური კომიტეტი განიხილავს

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის ფეისბუქ პოსტს მწვავე რეაქცია და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრება მოჰყვა. ქიმიის მასწავლებელმა, ხათუნა ქვარცხავამ 21 მაისს  გამოაქვეყნა სტატუსი, რომლითაც მეთორმეტე კლასელებს ემშვიდობებოდა.  როგორც მასწავლებელი წერდა,   სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:

“ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!”- წერდა სოციალურ ქსელში ხათუნა ქვარცხავა. მან პოსტი მალევე წაშალა, თუმცა სტატუსს მწვავე რეაქცია მოჰყვა, მათ შორის სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან.

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტი იმსჯელებს, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გოგინავა აცხადებს, რომ მან თავად გადასცა დისციპლინარულ კომიტეტს ქიმიის მასწავლებლის საკითხი განსახილველად, რადგან მსგავსი ქმედება მასწავლებელს არ ეკადრება:

 

“ჩემთვის როგორც სკოლის დირექტორისთვის, როგორც მასწავლებლისთვის მიუღებელია. მას დავურეკე და ვუთხარი, რომ ეს არანაირ ჩარჩოში არ ჯდებოდა და მასწავლებელს არ ეკადრება მსგავსი ქმედება. დისციპლინარულ კომიტეტს გადავეცი თავად მე, განსახილველად და შესასწავლად საკითხი , რომელიც ორშაბათს შეიკრიბება და დაიწყებს განხილვას,”- აცხადებს ნინო გოგინავა

 

სკანდალური ფეისბუკპოსტის ავტორი მასწავლებელი ხათუნა ქვარცხავა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მოსწავლეები უყვარს, თუმცა ძველი წყენა გაახსენდა.ის ამობს, რომ პოსტის გამოქვეყნებას ნანობს .