ნოდარ მელაძის შაბათში გავიდა სიუჟეტი ფარული აუდიო ჩანაწერით, რომელშიც წამყვანის განცხადებით საქართველოს ამჟამინდელი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი,ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე საუბრობენ. ტვ პირველის თქმით, აუდიოფაილები მათ ანონიმმა წყარომ მიაწოდა. ოთხი აუდიოფაილი ვრცელია და სხვადასხვა კერძო საუბრებს შეიცავს, თუმცა არხმა ჩანაწერის მხოლოდ ის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც სავარაუდო დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის ნიშნებს შეიცავს.
ჩანაწერში საუბარია რამდენიმე ახალგაზრდის დასჯაზე, ვინც ბერა ივანშვილს სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს.
საუბრობენ რამდენიმე ადამიანის დასჯაზე, რომელთაგან მხოლოდ ერთის სახელი და გვარი სახელდება. არხი ამბობს, რომ დაუკავშირდა ამ ადამიანის დედას, რომელიც ინციდენტს ადასტურებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.
როდის არის ჩადენილი სავარაუდო დანაშაული – არხი არ აკონკრეტებს. მელაძე ამბობს, რომ ჩანაწერის თარიღი და ის, თუ რა ვითარებაში მოხდა მისი ჩაწერა არ იციან, რადგან წყარომ ეს არ დააკონკრეტა.
თუმცა საუბარში ნახსენები ფაქტები სავარაუდო დროის დადგენის საშუალებას იძლევა.
დასჯილი ახალგაზრდის დედა, რომელსაც ტვ პირველი ესაუბრა ამბობს, რომ მისი შვილი ახლა 27 წლის არის. ბერა კი ფარულ ჩანაწერში საუბრისას ამბობს, რომ ის ადამიანი არის 23 წლის. ამიტომ სავარაუდოდ ამბავი 4 წლის წინ მოხდა.
მეორე მინიშნებაა უცნაური ზუმერი, რომლის შესახებაც ბერა ეუბნება პრემიერს, რომ დაიყენოს ეს ზუმერი და კარგი იქნება, როცა მინისტრები დაურეკავენ, რომ ეს ზუმერი გაჟღერდება. ეს გვაძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ ამ საუბრის დროს ღარიბაშვილი თანამდებობაზე მუშაობდა.
გარდა ამისა, ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ერრთ–ერთ დასასჯელთან პოლიციის მანქანებით მივიდნენ, რაც სავარაუდოდ გამორიცხავს, რომ ეს ამბავი ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე მომხდარიყო.
ჩანაწერიდან ჩანს, რომ ამ მოვლენების შესახებ ინფორმირებული იყო ბიძინა ივანიშვილიც.