მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი 22 წამიან რეკლამაში გამოჩნდა, რომელიც გამოქვეყნდა X/Twitter-ზე ხელოვნური ინტელექტის პროგრამის მიერ, რომელიც გამოსახულებების გენერირებას ახდენს სახელწოდებით Lisa AI: 90s Yearbook & Avatar. მსახიობის წარმომადგენლებმა Variety-ს დაუდასტურეს, რომ იოჰანსონი არ არის აპლიკაციის წარმომადგენელი და მისი ადვოკატი კევინ იორნი სიტუაციის იურიდიული გზით მოგვარებით არის დაკავებული.
რეკლამა იხსნება იოჰანსონის ძველი კლიპით, რომელშიც ის ასახულია Marvel’s Black Widow-ის კულისებში. იოჰანსონი ამბობს: “რა ხდება, ბიჭებო? ეს არის სკარლეტი და მინდა, რომ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ…”. ამის შემდეგ მას პირზე გრაფიკა ედება და ეკრანზე გამოჩნდება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოები, რომლებიც მიუთითებს მსახიობის გარეგნობაზე. შემდეგ იოჰანსონის იმიტირებული ხმა აგრძელებს საუბარს და რეკლამას უკეთებს ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციას. “ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ავატარებით. თქვენ ასევე შეგიძლიათ შექმნათ სურათები ტექსტით და თუნდაც თქვენი ვიდეოები ხელოვნური ინტელექტით. ვფიქრობ, ეს არ უნდა გამოტოვოთ”, – ამბობს ხმა, იოჰანსონის ონლაინ კლონი.
Convert Software-ის მიერ შექმნილი Lisa AI-ის რამდენიმე აპლიკაცია რჩება App Store-სა და Google Play-ში. აპლიკაციის შემქმნელი კომენტარს არ აკეთებს.
მსახიობის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სკარლეტ იოჰანსონს არანაირი შეხება არ ჰქონდა აპლიკაციასთან და აღნიშნა, რომ ეს სიტუაცია შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით მოგვარდება.
ცოტა ხნის წინ, მსგავსი შემთხვევა მოხდა ტომ ჰენკსთან დაკავშირებით, რომელმაც საკუთარი თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში გააფრთხილა, რომ მისი გამოსახულება უნებართვოდ გამოიყენეს სტომატოლოგიურ რეკლამაში.