სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე საქართველოს დროშის აღმართვა და გერბის განთავსება სავალდებულო იქნება. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, 94 ხმით მიიღო. პროექტს ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი. კანონპროექტის ავტორი “ქართული ოცნების“ დეპუტატი კახა კახიშვილია.
აღნიშნული დაწესებულებებისათვის ასევე სავალდებულო ხდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.
„დასავლეთის სახელმწიფოების ქუჩებში ნებისმიერი უცხოელი გამვლელისთვის თვალნათელია, თუ როგორ ხარისხშია ამ ქვეყნებში ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა, სადაც არა თუ საჯარო დაწესებულებების, არამედ კერძო სახლების სახურავებზე და აივნებზე ეროვნული დროშებია აღმართული. სამწუხაროდ, ამის პრაქტიკა და ტრადიცია საქართველოში ჯერჯერობით არა გვაქვს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა უპირველესად ჩვენს მომავალ თაობას ჩავუნერგოთ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა კანონპროექტის წარდგენისას.