სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თარიღის გადმოწევა სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით არ იგეგმება. . მისი თქმით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიურ მდგომარეობაზე, განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობს და გადაწყვეტილებას ერთმანეთთან შეთანხმებით მიიღებენ.

“თარიღის გადმოწევა სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა, სავარაუდოდ, განახლდება, მაშინ, როგორც ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანი არის ის, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებით და როგორი სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებში ან სკოლებში”, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.