სლოვაკეთმა რუსეთს რუსული ვაქცინა, Sputnik V უკან დაუბრუნა. ინფორმაციას სლოვაკური მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“რუსეთს მივყიდეთ Sputnik V-ის 200 000 დოზიდან 160 000 გამოუყენებელი დოზა. ამ დოზების შენახვის ვადა იწურებოდა”, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ.
უწყების ინფორმაციით, სლოვაკეთში რუსული ვაქცინის მიმართ უკიდურესად დაბალი ინტერესია, შესაბამისად მისი გახარჯვა ვერ მოხერხდა. როგორც იუწყებიან, რუსეთმა თავისი ვაქცინები იმავე ფასად დაიბრუნა, რა ფასადაც გაყიდა. ვაქცინის დოზები უკვე გაიტანეს სლოვაკეთიდან.
შეგახსენებთ, სლოვაკეთმა რუსეთისგან ვაქცინის 2 მილიონი დოზა თებერვალში შეიძინა. რუსული ვაქცინის შეძენას სლოვაკეთში საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.