სმარტ ურნებია, შეუძლია ამოიცნოს, ვინ ყრის ნარჩენს – ბითაძე ჭავჭავაძის ურნებზე

თბილისის მერიის ყოფილი მოადგილე და ამჟამად “ქართული ოცნების” დეპუტატი მაია ბითაძე ჭავჭავაძის გამზირზე დამონტაჟებულ ნაგვის ურნებზე საუბრობს. მისი თქმით, ისინი “სმარტ ურნებია” და მოსახლეობის შესაბამისი ტექნოლოგიით აღჭურვის შემთხვევაში, შეუძლია ამოიცნოს, ვინ ყრის ნაგავს.

“ეს ურნები, რაც ჭავჭავაძეზე გვაქვს, ე.წ. სმარტ ურნებია, ასე ვთქვათ, აქვთ უნარი, ტექნოლოგიურად ამოიცნონ, ვინ ყრის ნარჩენს, მაგრამ ამისთვის მოსახლეობაც შესაბამისი ტექნოლოგიებით უნდა აღვჭურვოთ”,- ამბობს ბითაძე, თუმცა არ აზუსტებს, რა იგულისხმება ტექნოლოგიებით აღჭურვაში.

მისივე განცხადებით, ეს სისტემა ეკოლოგიურად და ეკონომიურად მომგებიანია.

“გრძელვადიან პერსპექტივაში აქ ამონაგები აქ იმდენად დიდია, ერთი ის, რომ გარემო არ არის დაბინძურებული,  მეორე ყველა ნარჩენისგან, ერთად გადაყრილი ნარჩენისგან შეგვიძლია ენერგია მივიღოთ, გაზი მივიღოთ, ელექტროენერგია მივიღოთ, ხოლო სეპარირებული ნარჩენისგან ახალი პროდუქტი მივიღოთ. ხარჯი ნარჩენების პოლიგონის მართვის ძალიან დიდია, ავტოტრანსპორტის ხარჯი, რომელიც ყოველდღიურად დადის და აგროვებს ნარჩენებს, ძალიან დიდია. ეს სისტემა, რომელიც მთელ მსოფლიოშია ჩამოყალიბებული, ერთი, რომ არის ეკონომიური და მეორე, არის ეკოლოგიურად ძალიან მომგებიანი”, – აღნიშნავს მაია ბითაძე.

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია წელიწადზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. ის 2019 წლის მაისში დაიწყო და 2020 ზაფხულში დასრულდა. პროექტი 15 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

ენმ–ს წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, თითო ასეთ ურნაში მერიამ 31 ათასი ლარი გადაიხადა, ჯამში კი 3 მილიონის ურნა იყიდა.