„ფაქტია, რომ გაილაღეს ამათმა და ეს არა შიშებისგან, არამედ არხეინობისგან იმდენად თავდაჯერებულები არიან და იმდენად ჰგონიათ, რომ მათ თავს არაფერი არ მოხდება და არაფერი არ ელით, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ნერვებს უშლიან არასამთავრობო ორგანიზაციები და რაღაცნაირად უნდათ, რომ ალაგმონ, ადგილი მიუჩინონ. ჩემი აზრით, მიზანი არის ის, რომ აგრესიულად განაწყონ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ხალხი და აჩვენონ, რომ აი, ამხელა დაფინანსება აქვთ და ამხელა ხელფასები და ესენი ჭკუას ვის არიგებენო. იმდენად არხეინად გრძნობს „ქართული ოცნება“ თავს, პირდაპირ ზღვარზე გადის, მითუმეტეს ოქტომბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უნდა გვითხრან პასუხი.„ქართულ ოცნებაში“ ვისაც ჭკუა მოეკითხება ერთი-ორს და ვისაც ვიცნობ ვუხსნი ხოლმე, რომ საქართველოში ორ რაღაცას განვიცდით ძალიან – ერთი არის უსამართლობა და თუ რამე აქცია ყოფილა და თუ რამე მძვინვარება ყოფილა, უსამართლობის გამო ყოფილა და მეორე, რასაც განვიცდით არის დასავლური კურსი, რადგან ჩვენ რუსეთი არ გვინდა და გვინდა, რომ ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ვეუბნები, რომ ამ რაღაცებს ნუ ეთამაშებით, თორემ “გაიჩალიჩებთ”, გამოიყვანთ ხალხს გარეთ-თქო. ატროვებული ბავშვი რომ არის და რომ ვერ ჩერდება, აი ასეა „ქართული ოცნება“.
„ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომლებსაც რუსეთი უყვართ და მიაჩნიათ, რომ ურთიერთობა ყველაზე კომფორტული არის რუსეთთან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან პროდასავლურები არიან და ძალიან გამიკვირდება, რომ მათ მხარი დაუჭირონ ასეთ მავნებლურ კანონპროექტს. არ გამოვრიცხავ, რომ დააპაუზონ, ეს იყო ზონდირება ერთგვარი, კბილი მოუსინჯეს ყველას, რეაქცია მიიღეს მძაფრი, განსაკუთრებით სახელმწიფო დეპარტამენტის რეაქცია იყო ფოცხზე დაბიჯება და არ ვიცი კიდევ გააგრძელებს ამ ფოცხზე დაბიჯებას, თუ გაჩერდება. არ გამოვრიცხავ, რომ გაჩერდეს „ქართული ოცნება“ და ერთგვარი სავაჭრო იყოს ეს უცხოელებთან, რომ – აი, რა ვქნა არის ასეთი პოლიტიკური ჯგუფი, მათი ინიცირებულია და მათ უფლება ჰქონდათ და რა გავაკეთოთო.
„ხალხის ძალაში“ რამდენიმე ადამიანს ვერ ვიჯერებ რა უნდათ იქ. სოზარი თავის ბიოგრაფიას ებრძვის. სოზარმა დაიყენა ძველი სოზარ სუბარი წინ, სარკესთან და უთხრა, რომ მე შენ უნდა გებრძოლო, რადგან შენ სოზარ არასწორად გიცხოვრია, აგენტი იყავი გავლენის და მავნებლობისო. „თავისუფლების ინსტიტუტში“ იყო, სახალხო დამცველი იყო, რადიო „თავისუფლებაში“ მუშაობდა, არასამთავრობო ორგანიზაციებში იყო, სულ უცხოელებისგან იღებდა ხელფასს და თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ამოაპირქვავა და დაუწყო ბრძოლა. სოზარი როდის დაიჭერს სოზარს აი, ეგ მაინტერესებს. ერთხელაც თავის თავს რომ მიადგეს და დაიჭიროს სიცრუეში ცხოვრების იმ 45 წლისთვის“,
ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.