პარიზში ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოფინეს ვან გოგის ნამუშევარი, რომელიც ყოველთვის კერძო კოლექციებში ინახებოდა და ამიტომაც ძირითადად უცნობი იყო კრიტიკოსებისთვის და მხატვრის შემოქმედების მოყვარულთათვის.
ტილო სახელწოდებით „ქუჩის სცენა მონმარტრზე“ 1887 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მას ძირითადად ერთი ოჯახის წევრები ფლობდნენ. თუმცა ახლა ის გასაყიდად არის გამოტანილი და მისი დემონსტრირება სოთბის აუქციონის სახლის პარიზის, ამსტერდამის და ჰონკონგის განყოფილებებში მოხდება. აუქციონი 25 მარტს გაიმართება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნახატი 8 მილიონ ევროდ გაიყიდება.
ვან გოგის შემოქმედების ექსპერტი, მარტინ ბეილი ამბობს, რომ ახლა პირველად გაჩნდა შესაძლებლობა ეს ნამუშევარი “ხეირიანად დაათვალიერო“. წარსულში მისი რამდენიმე რეპროდუქცია გაკეთდა, ძირითადად შავ–თეთრი, თუმცა ნამუშევარი პრაქტიკულად უცნობი იყო.
“ეს ნახატი იმით არის საინტერესო, რომ ვან გოგის ჰოლანდიურ პერიოდს განეკუთვნება, როცა ის მუქ ტონებს იყენებდა. ის ერთგვარ გარდამავალ პერიოდში შეიქმნა, ჰოლანდიურ და პროვანსის პერიდებს შორის, როცა მისი ტონები მკვეთრად შეიცვალა. პარიზში ის იმპრესიონისტებს შეხვდა, რამაც ფერებთან დაკავშირებული ექსპერიმენტებისკენ უბიძგა“– ამბობს ექსპერტი.
ვან გოგის ეს ნამუშევარი იმ პერიოდს განეკუთვნება, როცა ის ძმასთან, თეოსთან ერთად 1886–87 წლებში მონმარტრის სიახლოვეს ცხოვრობდა.
მოსალოდნელი ფასი – 8 მილიონი ევრო ბევრად დაბალია ვან გოგის სხვა ნამუშევრების ფასთან შედარებით. თუმცა ეს არ არის საბოლოო ფასი და შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რადგან მისი ნამუშევრების მიმართ დიდი ინტერესი არსებობს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში.
სოთბის აუქციონის სახლის წარმომადგენლები ასეთი მაღალი კალიბრის ნამუშევრის გამოჩენას მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებენ.