დონბასში სოლედარისთვის ბრძოლა 2022 წლის მაისიდან მიმდინარეობს, როდესაც რუსეთის არმიამ ქალაქს პირველად შეუტია დრონებით. ივლისში რუსული ჯარების მიერ ლუგანსკის რეგიონში სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დაკავების შემდეგ, სოლედარის დაბომბვა გაძლიერდა. ბოლო კვირებში აქ მიმდინარეობს ბრძოლები, რომლებიც , პრეზიდენტ ზელენსკის თქმით სიგიჟეს გავს.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი თვლის, რომ რუსეთის ჯარებს სჭირდებათ კონტროლი ბახმუტის ჩრდილოეთით მდებარე სოლედარზე, ისევე როგორც ბახმუტის სამხრეთით მდებარე სოფელ ზაიცევოზე, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წაართვან კონტროლი უკრაინულ არმიას მნიშვნელოვან მომარაგების ტრასაზე დონეცკის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
გარდა ამისა, უკრაინასა და დასავლეთში სამხედრო დამკვირვებლების აზრით, სოლედარის აღება, სადაც ომამდე დაახლოებით 13 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, აუცილებელია რუსეთის სარდლობისთვის, რომ აჩვენოს რაიმე სახის გამარჯვება მაინც უკრაინის არმიაზე.
ცოტა ხნის წინ გამოჩნდა კიდევ ერთი ვერსია. “ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ ქალაქი ექსკლუზიურად მისმა მებრძოლებმა აიღეს. როიტერი, თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ პრიგოჟინს, სავარაუდოდ, ბახმუტთან ახლოს მარილის მაღაროებზე კონტროლის დამყარება სურს. ამავდროულად, სწორედ სოლედარში არის ქვის მარილის პრაქტიკულად ამოუწურავი საბადოები.
გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ფაქტებს სოლედარის შესახებ – უნიკალური ადგილის შესახებ, სადაც მარილი დიდი ხანია მოიპოვება და სადაც ახლა მისი დამუშავება შეჩერებულია, ქალაქი კი თითქმის მთლიანად განადგურებულია.
სოლედარის მთელი ისტორია მარილის მოპოვებას უკავშირდება. ამ ინდუსტრიის პირველი მოხსენიება მე-17 საუკუნის ბოლოს თარიღდება. მარილის მაღაროების ირგვლივ გაჩნდა სოფელი ბრაიანცევკა. XIX საუკუნის მიწურულს აქ მარილის ცხრა პლასტი აღმოაჩინეს და ამავე დროს დაიწყო პირველი მარილის მაღაროს მშენებლობა. პლასტის სისქე, რომელშიც მაღარო იყო გათხრილი, 40 მეტრი იყო.
მოგვიანებით აქ მარილის ხუთი მაღარო გამოჩნდა და მარილის მოპოვება უკვე სამრეწველო მასშტაბით დაიწყო. აქ ასობით ადამიანი მუშაობდა, აშენდა რკინიგზის სადგური “მარილი“ და მუშათა დასახლებები.
1926 წელს სოფელ ბრაიანცევკას ეწოდა კარლო-ლიბკნეხტოვსკი – გერმანიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებლის, კარლ ლიბკნეხტის პატივსაცემად. ქალაქი ამ სახელს 1991 წლის შუა პერიოდამდე ატარებდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს მარილის ყველა მაღარო განადგურდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი აღადგინეს და ბოლო დრომდე მუშაობდნენ.
სწორედ სოლედარშია განთავსებული მსოფლიოში მარილის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი არტიომსოლის ქარხნის ადმინისტრაცია.
მაისის ბოლოს, მუდმივი რუსული დაბომბვის გამო, ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა.
ამოუწურავი რეზერვები
არტიომსოლის თანამშრომლები ამბობენ, რომ რეგიონში მარილის საბადოები პრაქტიკულად ამოუწურავია: საბადოების ექსპლუატაციის 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მარილის მარაგი მხოლოდ ერთი პროცენტით შემცირდა.
ომამდე „არტიომსოლი“ უკრაინაში მარილის მოხმარების 96%-ს უზრუნველყოფდა. საწარმო 50 კვადრატულ კილომეტრზე მეტს იკავებს. მისი პროდუქცია შეიძინა 50 ათასზე მეტმა საბითუმო მყიდველმა უკრაინაში და ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში. გარდა ამისა, ადგილობრივი მარილი მიეწოდებოდა ევროპისა და აფრიკის ქვეყნებს.
მარილის მოპოვების წლებში სოლედართან თითქმის 200 კმ გვირაბი გათხარეს. მათში თაღების სიმაღლე ზოგან რამდენიმე ათეულ მეტრს აღწევს.
2014 წლიდან თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინის არმიამ სოლედარის მაღაროებში მცირე იარაღის საწყობები მოაწყო.
ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ასევე ისაუბრა ვაგნერის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა და ამტკიცებდა, რომ ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები სოლედარის ქვეშ გვირაბებშიც კი მოძრაობენ.
ეს განცხადებები სრულ ფიქციას ჰგავს, რადგან უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ მაღაროებში შესასვლელები ვიწროა, და შეუძლებელია აღჭურვილობის ჩატანა ასობით მეტრის სიღრმეზე.
როგორც დონეცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციაში თქვეს, ადრე მარილის მოპოვების აღჭურვილობაც კი მაღაროებში ნაწილებად დაშლილი ჩაიტანეს, შემდეგ კი სიღრმეში ხელახლა ააწყვეს.
საგანძური, ტურები და კონცერტები
მარილის ფენების დამუშავების შემდეგ მაღაროებში გაჩენილი სივრცეები გარკვეულწილად ტურისტულ ატრაქციონად გადაკეთდა.
ომამდე ტურისტები ჩადიოდნენ 300 მეტრის სიღრმეზე და შედიოდნენ დაახლოებით 40 მეტრი სიმაღლისა და 150 მეტრის სიგრძის დარბაზებში, სადაც მთელი იატაკი მარილის ნამსხვრევებით იყო მოფენილი.
უჩვეულო ხედები და აკუსტიკა, ისევე როგორც მიწისქვეშა სამლოცველო, ტურისტებს ხიბლავდა. აქ ფეხბურთის თამაშიც კი შეიძლებოდა, ასევე კაფეში დაჯდომა, მარილის სკულპტურების და ადამიანის ზომის მარილის კრისტალების დათვალიერება.
აქ უკრავდნენ სიმფონიური ორკესტრები და იმართებოდა ხელოვნების გამოფენები.
კაცობრიობის ისტორიაში პირველი მიწისქვეშა საჰაერო ბურთით ფრენა ალ მოხდა და ეს ფაქტი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.
2004 წელს აქ გაიმართა კლასიკური მუსიკის ფესტივალი “Salt Symphony”(მარილის სიმფონია) უკრაინის სახალხო არტისტის, ვენის ოპერის სოლისტის ვიქტორია ლუკიანეცისა და დონბასის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით ლუგანსკიდან ავსტრიელი დირიჟორის კურტ შმიდტის ხელმძღვანელობით.
მიწისქვეშა დარბაზში 250 მსმენელს იტევდა, თითოეული მათგანი ბილეთში 580-დან 2000 ევრომდე იხდიდა.
მკურნალობა 300 მეტრის სიღრმეზე
1990-იანი წლების დასაწყისში სოლედარში 300 მეტრის სიღრმეზე გაიხსნა დონბასის სანატორიუმის სამედიცინო კომპლექსი, რომელსაც მოგვიანებით მარილის სიმფონია ეწოდა.
აქ მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტს, პნევმონიას, ალერგიას, კანისა და ნევროლოგიურ დაავადებებს.
ცხელი ტბა
სოლედარის განაპირას მდებარე ტბა დღემდე მეცნიერულ საიდუმლოდ ითვლება. მას აქვს არანორმალურად თბილი წყალი და რაც უფრო დიდია სიღრმე, მით უფრო თბილია წყალი – 40 გრადუსამდე.
ტბის დიამეტრი სულ რაღაც 100 მეტრს შეადგენს, მაგრამ ორ ნაწილად იყოფა: ერთში – მტკნარი წყალია, მეორეში – მარილიანი, იმდენად მარილიანი, რომ ადამიანს ზედაპირისკენ უბიძგებს და ჩაყვინთვის საშუალებას არ აძლევს.
გეოლოგები თვლიან, რომ ტბის სიღრმეში მიმდინარეობს ქიმიური პროცესები, რომლებიც ჯერ კიდევ შესასწავლია და ამიტომ ტბაში ბანაობა არ არის რეკომენდებული. ითვლება, რომ ტბა გაჩნდა კარიერის ადგილზე, სადაც მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე მარილი მოიპოვებოდა.
ბირთვული საცავის იდეა
2000 წელს უკრაინელ მეცნიერს გაუჩნდა იდეა, ბირთვული ნარჩენების საცავი გაეკეთებინათ მარილის იმ მაღაროებში სადაც მოპოვება უკვე შეჩერებული იყო. მას სჯეროდა, რომ კლდის მარილით გამოწვეული ინერტული ატმოსფერო სარდაფის უსაფრთხოებამ უზრუნველყოფდა.
ამ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოლედარსა და ბახმუტში, გაიმართა საჯარო განხილვები, ქალაქის მოსახლეობა შეიკრიბა მიტინგებზე და კოლექტიური წერილები მისწერა ხელისუფლებას. შედეგად, რეგიონულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ იდეის განხორციელება არ იგეგმებოდა.
ამჟამად დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო ამბობს, რომ საომარი მოქმედებების შედეგად სოლედარის ინფრასტრუქტურიდან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა. თუმცა, მისი თქმით, რჩება “ის სიმაგრეები და შახტები, რომლებშიც მტერი ცდილობს შეღწევას”.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოლედარზე წინა განაცხადა: „ყველაფერი განადგურებულია, სიცოცხლე თითქმის აღარ დარჩა. და ათასობით მათი ხალხი დაიღუპა: სოლედარის მახლობლად მთელი მიწა დამპყრობლების ცხედრებით და დარტყმებისგან დარჩენილი შრამებით არის დაფარული. ასე გამოიყურება სიგიჟე.”