სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას, მთავარი ამოცანა ომის არდაშვებაა – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ამბობს, რომ ომის არდაშვება მთავარი ამოცანაა.

“მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვს ნიშნის ქვეშ დაყენება.

მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. დღეს მთავარი ამოცანა არის უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენი ძალისხმევა, ყველა ჩვენი საქმე, ჩვენი სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთკენ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. შესაბამისად, ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ინტერესში და ისე მთლიანად, რეგიონის ინტერესში”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინის საკითხზე დასავლეთთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ.

“აქ მნიშვნელოვანი არის და კრიტიკული არის დასავლეთის ერთიანობა იმისთვის, რომ არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. ჩვენ, მინდა მოსახლეობას მოვახსენო, რომ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ, სწორედ ამ კომუნიკაციის შესაბამისად”,- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.