მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაპატიმრებულ ყოფილ ძალოვანს, მამუკა ჩხიკვაძეს. ის საერთაშორისო პარტნიორებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
“ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ოკუპანტების მიერ ტყვედ აყვანილ ქართველ მებრძოლს მამუკა ჩხიკვაძეს.
მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას აქტიურად ჩაერთოს მისი სიცოცხილს გადარჩენისა და გათავისუფლების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ მეც, ფაქტობრივად, საოკუპაციო რეჟიმის ტყვე ვარ, ერთი წუთით არ მავიწყდება სხვა ტყვეების ბედი და ვთვლი, რომ მამუკა ჩხიკვაძე დღესდღეობით განსაკუთრებით საფრთხეშია.
ჩემი პრეზიდენტობის დროს, ყველა მსგავსი შემთხვევისას ჩვენ უსწრაფესად ვათავისუფლებდით ხოლმე ტყვეებს. სამწუხაროდ, მსგავსი არაფრის თქმა შემიძლია არსებული მთავრობის უწყებებში ჩაბუდებულ ბანდფორმირებებზე, რაც ჩემს შეშფოთებას მამუკა ჩხიკვაძის ბედთან მიმართებით აათმაგებს”,– წერს სააკაშვილი.
მამუკა ჩხიკვაძე უკვე მეოთხე დღეა ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ის ცხინვალის იზოლატორში წამების მსხვერპლია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გატაცების საკითხზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.