სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ემოციურად არ მიუღია.

სარქისიანის განმარტებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ქვეყნისა და ერისთვის საჭირო პოლიტიკური ბერკეტები არ გააჩნია.

“პარადოქსული სიტუაციაა ქვეყანაში, ვცხოვრობთ რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ შეუძლია გავლენის მოხდენა ომისა და მშვიდობის საკითხებზე. რეალობაში, რომელშიც მას არ შეუძლია, დაადოს ვეტო კანონებს, რომელსაც ერისა და სახელმწიფოსთვის არამიზანმიმართულად მიიჩნევს. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა ფორმით, მაგრამ არა შინაარსით […]

დიდხანს ვფიქრობდი და დაახლოებით ოთხწლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე, დავტოვო რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად არ არის ემოციური და ლოგიკურია.

პრეზიდენტს არ აქვს საჭირო ინსტრუმენტები ქვეყნისა და ერისთვის ამ რთულ პერიოდში საშინაო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე ზემოქმედებისთვის. ჩვენი სახელმწიფოსთვის ამ რთულ დროს, როცა ეროვნული ერთიანობაა საჭირო, პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს ჭორისა და შეთქმულების თეორიების სამიზნე, რითიც საზოგადოების ყურადღება გადააქვთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებიდან. დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა აზრიანი, გააზრებული ქმედებები”, – ვკითხულობთ მის განცხადებაში.