დაგვიანებული კომენტარი სომხეთის არჩევნებზე:
1. რუსეთმა წააგო სომხეთის არჩევნები. ობიექტურად, ეს მისთვის ბევრს არაფერს უნდა ნიშნავდეს, რადგან სომხეთის ნებისმიერი მთავრობა, მათ შორის ფაშინიანის, მის მიმართ ლოიალური იქნება. ისედაც არ ჰქონდა სხვა გზა და ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მითუმეტეს. მაგრამ რუსეთის ძალაუფლებას სიმბოლური ასპექტიც აქვს და მისთვის ესეც მნიშვნელოვანია. სიმბოლოების და ღირებულებების დონეზე, ხავერდოვანი „რევოლუცია“ პუტინის მიმართ გამოწვევა იყო; მეორე ომში რუსეთის დიდწილად პროაზერბაიჯანული პოზიცია ამ რევოლუციისთვის სომხეთის და კერძოდ ფაშინიანის დასჯა იყო. ეს სომხებსაც ესმოდათ. მიუხედავად ამისა, ფაშინიანი ვერ დაისაჯა. მოლოდინები (უშუალოდ ომის შემდეგ), რომ ის ამ მარცხს გადაყვებოდა, არ გამართლდა. ახლა კი პირიქით, მან პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.2. სომხეთის შიდა განვითარებისთვისაც ეს შედეგი კარგია. ფაშინიანს აკრიტიკებენ არასაკმარისი ეფექტურობისთვის (დისკუსიაში ვერ შევალ, არა ვარ საკმარისად კომპეტენტური), მაგრამ წინამორბედებთან შედარებით ის მაინც სწორ რაღაცეებს ცდილობს. თავისთავად ის ფაქტი, რომ არჩევნების სამართლიანობის თვალსაზრისით სერიოზული პრეტენზიები არ არსებობს, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. (ეუთოს ძირითადი პრეტენზიები იყო მეტისმეტი პოლარიზაცია და ქალების არასაკმარისი როლი).
3. ის, რომ მმართველმა პარტიამ კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღო, სტრუქტურულად კარგი არ არის. სომხეთს ჯერ კიდევ არ ჰქონია არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის გამოცდილება. მას ჯერ კიდევ გზა აქვს გასავლელი იქამდე, რომ სრულფასოვან დემოკრატიად ჩაითვალოს. მაგრამ ამ ეტაპზე მან დემოკრატიის „რეგიონული შუქურის“ სტატუსი ჩამოგვართვა – ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რეგიონში ამ მხრივ ლიდერობის პრეტენზია ვერ გვექნება.
4. ასევე კარგი არ არის, რომ ასეთ ვითარებაში ფაშინიანს სხვა სერიოზული ალტერნატივა არ გამოუჩნდა, გარდა წარსულისა: მას ებრძოდა ორი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ყელში ამოსულ ოლიგარქიულ მმართველობას განასახიერებდა. ამ წარსულმა რომ ვერ გაიმარჯვა, მაინც კარგია.
წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე. ცნობისთვის, სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა.