სომხეთში პოლიცია ბლოკ “სომხეთის” ოფისში ბიულეტენების საბეჭდ პრინტერს ეძებს

სომხური მედიის ინფორმაციით, პოლიცია ჩხრეკას ატარებს სიუნიკის პროვინციაში “სომხეთის” ბლოკის ერთ-ერთ ოფისში, ბლოკის წარმომადგენლების ბინებსა და მანქანებში.

პოლიციის განცხადებით, ჩხრეკის მიზეზი ყალბი ბიულეტენების მომზადებისა და გასაღების ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეა. მათი თქმით, დაკავებული არავინ არის.

ბლოკ “სომხეთის” წინასაარჩევნო ცენტრალური შტაბის ოფიციალური წარმომადგენელი არამ ვარდევანიანი აცხადებს, რომ ჩხრეკვა “სამარცხვინოა”. მისივე განმარტებით, მათ ოფისში პოლიცია ბიულეტენების საბეჭდ მოწყობილობას ეძებდა, რაც, ვარდევანიანის მტკიცებით, არ არსებობს, რადგან ბიულეტენები სპეციალურ სტამბაში იბეჭდება.

ის მოითხოვს, სამართალდამცავი ორგანოები დაბრუნდნენ კანონიერების საზღვრებში.

დღეს სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 25 პოლიტიკური ძალა – 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობს. არჩევნებში გამარჯვების მთავარ პრეტენდენტებად ორ პოლიტიკურ ძალას განიხილავენ – მმართველი პარტიას “სამოქალაქო კონტრაქტი”, რომელსაც ხელმძღვანელობს პაშინიანი და “სომხეთი”, რომელსაც სათავეში უდგას ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ კოჩარიანი.