სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი ამბობს, რომ დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა მასალა, რის გასაჯაროებასაც სოსო გოგაშვილი აპირებდა. მედიასთან საუბრისას გოგაშვილის შვილი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას სამართალდამცავები აგრესიულები იყვნენ:
„ყველა არ იყო აგრესიით გამორჩეული, ბევრი ვაჟკაცი ბიჭია, რამდენიმე იყო ვინც ნერვები და თავი ვერ მოთოკა. როდესაც სახლში სპეცოპერაციით შედიხარ, მნიშვნელობა არ აქვს რა დავალება გაქვს, ელემენტარული უნდა იცოდე, რომ ღირსებაა მთავარი, როდესაც ხედავ, რომ ოჯახი ნერვიულობს აღარ უნდა დაუმატო შენი ყვირილი და მუქარები“,- აღნიშნავს ნიკოლოზ გოგაშვილი.
მან ასევე უპასუხა კითხვას, უკავშირდება თუ არა სოსო გოგაშვილის დაკავება „სუს-იდან გამოჟონილ კრებსებს“.
„ზუსტად არ ვიცი. რომელიღაც არხზე სიუჟეტი გააკეთეს, რომ თითქოს, სოსო მართავს „ტვ პირველს“, „ფორმულას“, „მთავარ არხს“, სასაცილოა, მამაჩემი თუ მართავს კელი დეგნანს, ასეთ სამ ძლიერ ტელევიზიას, სოსო ყოფილა ოლიგარქი, სოსო უნდა დაასანქცირონ მათი ლოგიკით? ელჩებს მართავს, ტელევიზიებს მართავს, ახლა ამერიკაში არჩევნებს ჩაატარებს“, – ამბობს ნიკოლოზ გოგაშვილი.
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი წუხელ საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ვიდეომასალა ამის შესახებ გოგაშვილის ოჯახის წევრმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. წუხელვე ჩხრეკა ჩატარდა გონიოში მის სახლში, სადაც მისი შვილი, ნინო გონაშვილი იყო. დღეს დილით კი ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე სოსო გოგაშვილის მეორე შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.
სახლიდან წაიღეს ტექნიკა – ტელეფონები, პლანშეტები, დოკუმენტები და ეძებდნენ “რაღაც მასალებს”.