სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა.
როგორც ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა.
“სახელმწიფო ბრალდების მიერ მოხდა ოფიციალურად ბრალის წარდგენა. როგორც მოლოდინი გვქონდა სწორედ იმ მუხლებით მოხდა ბრალის წარდგენა. პირველი ეპიზოდი გახლავთ პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება და როგორც ბრალდებაშია მოცემული ეს შეეხება 2015-2018 წლებში ბატონ სოსო გოგაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის პერიოდს და თითქოს მას მიუწვდებოდა ხელი როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციებზე, ასევე პერსონალურ მონაცემებზე და როგორც დადგენილებაში მას ედავებიან, 2021 წლის თებერვლის თვეში გავრცელდა ორ პირთან მიმართებაში პერსონალურო მონაცემები და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ეპიზოდი. ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია რომელი ორი პიროვნების ინფორმაციის გავრცელებაზეა საუბარი. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია. ანუ 2015-2018 წლებში როდესაც სოსო გოგაშვილი მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში მას ხელი მიუწვდებოდაო მას პერსონალურ მონაცემებზე და სახელმწიფო საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტებზე და აღნიშნული დოკუმენტები თითქოს გასაჯაროვდა 2021 წლის თებერვალში. საუბარია ორი პირის პერსონალურ მონაცემზე საუბარი, კონკრეტულად ვისი მონაცემები გასაჯაროვდა ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია.
მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან.
მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონონ შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს”, – განაცხადა ადვოკატმა.