სოსო ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს და კვერცხები დაუშინეს – დაპირისპირება მკლავჭიდის ფედერაციის სხდომაზე

მკლავჭიდის ფედერაციაში დღეს ხმაურისა და დაპირისპირების გამო სხდომა ჩაიშალა. გამგეობის სხდომა დილის ათ საათზე სასტუმრო “ბომონდ გარდენში” უნდა დაწყებულიყო, თუმცა შეხვედრა  ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ვერ შედგა. ფედერაციის პრეზიდენტს სოსო ჯაჭვლიანს ნაკრების მწვრთნელები და მკლავჭიდელების ნაწილი დაუპირისპირდა, კვერცხები ესროლეს და წყალი შეასხეს.

ბომონდ გარდენში მისულ რამდენიმე ათეულ სპორტსმენს ადგილზე დაცვა დახვდა, რომელიც მათ სხდომაზე არ უშვებდა, მათი თქმით, ეს სოსო ჯაჭვლიანის მოთხოვნით ხდებოდა. მკლავჭიდელებმა სხდომაზე შესვლა მაინც შეძლეს , სადაც ფედერაციის პრეზიდენტთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, მათ სოსო ჯაჭვლიანს წყალი შეასხეს და კვერცხები დაუშინეს. ისინი სოსო ჯაჭვლიანს მოუწოდებდნენ რომ თანამდებობა დაეტოვებინა. თავის მხრივ სოსო ჯაჭვლიანი აპირებდა რომ თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ვიცე-პრეზიდენტი რევაზ ლუთიძე და დაპირისპირებაც ამ ფაქტს მოჰყვა. სპორტსმენები სოსო ჯაჭვლიანს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ.

გამგეობის სხდომა ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო, მკლავჭიდელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

მწვრთნელების და მკლავჭიდელების განცხადებით   წლებია მწვრთნელების პრემიებისთვის განკუთვნილი თანხის სოლიდურ ნაწილს ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი იღებს. სპორტსმენების თქმით, 50/50-ზე პრინციპით, პრემიები სისტემატიურად ნაწილდებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ სქემას პროტესტი მოჰყვა, ჯაჭვლიანმა ლიცენზიების არარსებობის საბაბით, მწვრთნელები სრული შემადგენლობით დაითხოვა.

“ისეთ მწვრთნელებს გვიხსნის, რომელთანაც გუნდური პირველობა რომ გვაქვს წლებია და აყენებს ისეთ სპორტსმენებს და თავისიანებს, რომლებიც მკლავჭიდთან არანაირ შეხებაში არ არიან. უნდა რომ თვითონ როგორც უნდა ისე მართოს ფული იქნება თუ რა, არ უნდა რომ სხვამ ჩაიხედოს,” – აცხადებს მკლავჭიდელი ირაკლი გაბრავა ფედერაციის ხელმძღვანელობაზე.