“სოფელი ბუკნარი შეჯერდა, რომ გამონახავენ საერთო ენას”-ამის შესახებ, გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარიამ განაცხადა. მისი თქმით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში,, სოფელ ბუკნარის ქრისტიან და მუსლიმ თემთან შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა და სოფლის მოსახლეობა შეთანხმდა, რომ მუსლიმი თემის წარმომადგენლები ლოცვას ძველებურად განაგრძობენ.
„შეხვედრას ესწრებოდა სოფლის ორივე მხარე, როგორც მუსლიმი ასევე ქრისტიანი მოსახლეობა. სოფელი შეჯერდა იმაზე, რომ ერთმანეთში გამონახავენ საერთო ენას და დაბრუნდებიან იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ცხოვრობდნენ ერთად. გაგრძელდება ისეთი სიამტკბილური ცხოვრება, როგორიც ჰქონდათ, თუ ვინმე ადამიანი გამოიკვეთება, ვინც პროვოკაციას მოაწყობს, ან შეეცდება ამ ადამაინებს შორის რელიგიური შუღლი ჩამოაგდოს, ამ შემთხვევაში სოფლის მოსახლეობა თვითონ გასცემს პასუხს და არ დასჭირდება გარედან ვინმეს ჩარევა. დღეს ერთსაც და მეორე მხარესაც აქვს საშუალება იმ ურთიერთობაში დაბრუნდნენ, რაშიც იყვნენ. ის ლოცვა გააგრძელონ ისე, როგორც ადრე იყვნენ და ლოცულობდნენ.აქ საუბარი იყო იმ პროვოკაციებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა შიგნით სხვადასხვა ადამიანების მიერ და შემდეგ იყო ინტერპრირებული. ერთმანეთში გაერკვნენ ეს ადამიანები, შეჯერდნენ და ჩამოყალიბდნენ საერთო აზრზე, რომ ხვალიდან ყველა ერთმანეთის გვერდით დადგება და არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ექნება“,- განაცხადა ნასარიამ.
შეგახსენებთ, რომ , მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონოდათ. მათი ინფორმაციით, აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა.