სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ვაქცინაციის პროცესში ჩართვას ადგილზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეძლებს. მთავრობის განკარგულებით, გადაადგილებაშეზღუდულ პირებს სამედიცინო ბრიგადები ბინაზე მიაკითხავენ.
განკარგულების თანახმად, სოფლის მოსახლეობა აცრას შეძლებს სამედიცინო, ან არასამედიცინო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმები და ექთნები ჩაერთვებიან.
გადაადგილებაშეზღუდული პირები კი ბინაზე შეძლებენ აცრას.
საჭიროების შემთხვევაში, სასწავლო პროცესის აღდგენამდე, აცრები საგანმანათლებლო დაწესებულების შენობებში ჩატარდება.
- მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე პროგრამის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ, უზრუნველყონ ამცრელი ბრიგადის დაკომპლექტება შესაბამისი სამედიცინო პერსონალით და ვაქცინაციისთვის საჭირო აღჭურვილობით.
- გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს განესაზღვრათ ვალდებულება, უზრუნველყონ მათ დაწესებულებაში რეგისტრირებული სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაცია, სოფლის ექიმებისა და ექთნების ჩართულობით.
- მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს დაევალათ უზრუნველყონ ვაქცინაციის ლოკაციებზე შესაბამისი ვაქცინებით მომარაგება და ცივი ჯაჭვის მონიტორინგი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ამცრელ ბრიგადებსა და ასაცრელ კონტინგენტს შორის კოორდინაცია.
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მოსახლობის ვაქცინაციის მიზნით დაევალათ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შერჩევა და შეთანხმება ცენტრსა და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან.
- ასევე ასაცრელი კონტინგენტის მობილიზება და მოწვევა ვაქცინაციისთვის და საჭიროების შემთხვევაში ასაცრელი პირების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
- გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, უნდა უზრუნველყონ ვაქცინაციის ოპრატიული შტაბის ჩამოყალიბება.
- საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაევალა ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმებისა და ექთნების ჩართვის ხელშეწყობა. ასევე ვაქცინაციის მიზნით მუნიციპალიტეტების მდებარე სამედიცინო დაწესებულებების მიერ შესაფერისი სოფლის ამბულატორიების შერჩევის პროცესის ხელშეწყობა.
- განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს დაევალა, საჭიროების შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულების შენობების გამოყოფა, სასწავლო პროცესის აღდგენამდე პერიოდში.
- თავდაცვის სამინისტროს, საჭიროების შეთხვევაში დაევალა აცრების წარმოებისთვის დამატებითი სამედიცინო პერსონალის გამოყოფა, ასევე მოსაცდელი სივრცეების მოწყობის ხელშეწყობა.
- განკარგულების მიხედვით, განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.