სოფელ მეჯვრისხევში სანადირო თოფით 1 ადამიანი მოკლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სანადირო თოფიდან გასროლით 1 ადამიანი მოკლეს.  შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით კისრის არეში დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ, 1978 წელს დაბადებულ ვ.ჯ.-ს. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო” – წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.