40-კაციანი ქართული დელეგაცია სოჭში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობს. ფესტივალი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით პირველი მარტიდან 7 მარტის ჩათვლით ტარდება. ფესტივალის დაწყებამდე გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართვა, სადაც ის ამ ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობს.
დელეგაციას ხელმძღვანელობს პრორუსული ორგანიზაციის, „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი“ დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო აეროპორტიდან და დაწერა, რომ სოჭის აეროპორტში ქართულ დელეგაციას ინგუშებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ფონდის ორგანიზებით, სოჭის ფესტივალზე საქართველოდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები წაიყვანეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სოჭის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალში, როგორც სუვერენული სახელმწიფოების წარმომადგენლები, მონაწილეობენ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჩასული დელეგაციები.
ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ფესტივალში 188 ქვეყნიდან ჩასული 20 ათასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს.