სოხუმში აეროპორტის აღდგენაზე რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების რატიფიცირება მოხდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 30 ხმით 2-ის წინააღმდეგ [ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა] მხარი დაუჭირა მოსკოვსა და სოხუმს შორის 16 ივნისს გაფორმებული ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების რატიფიკაციას.

26 ივლისს გამართულ სხდომაზე შეთანხმების პროექტი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის საერთაშორისო საკითხების, პარლამენტთაშორისი კავშირებისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალხას ბარციცმა წარადგინა.

ამასთანავე,  ბარციცმა დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ, შეთანხმების ძირითად პუნქტებზე ისაუბრა:

  • ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა – 6 – 10 მლრდ რუბლი (1 მლრდ რუბლი – 11,1 მლნ დოლარი)
  • იჯარის ვადა – 49 წელი
  • გადასახადებისგან თავისუფალი (შეღავათიანი) პერიოდი – 25 წელი
  • ინვესტორს გადაცემა როგორც აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიები და მასზე განთავსებული შენობები
  • აფხაზური მხარე თავის თავზე იღებს: ა) აეროპორტამდე მიიყვანოს საგზაო ინფრასტრუქტურის ბ) უზრუნველყოს აეროპორტის ელექტროენერგიით (ჯერ 1,5 მგვტ, შემდეგ კი 4 მგვტ) უზრუნველყოფა, რისთვისაც კაპიტალურად უნდა განაახლოს აგუძერისა და დრანდის ქვესადგურები

„პროექტი ითვალისწინებს აეროპორტის მთელი კომპლექსის – აეროდრომის, აეროვაგზლისა და ტვირთებისა და მგზავრების გადაყვანისთვის საჭირო ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციას. ამასთან, აეროდრომი და აეროდრომის ინფრასტრუქტურა ინარჩუნებენ სახელმწიფო საკუთრების სტატუსს, თუმცა გადადიან ინვესტორის გრძელვადიან სარგებლობაში“, – ამბობს ალხას ბარციცი.

მომხდარს გამოეხმაურა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას გმობს და  საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას ითხოვს.

“კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!” – დაწერა ზურაბიშვილმა, Twitter-ზე.