სპეკულაციაა პოლიტიკურ დევნაზე საუბარი – ოხანაშვილი ნიკა მელიაზე

ქართული ოცნების წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის მოთხოვნა სამართლებრივი საკითხია და მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მისი მტკიცებით, ეს პოლიტიკური დევნა არ არის.

“სპეკულაციაა საუბარი რაიმე ტიპის პოლიტიკურ დევნაზე. ყველამ ერთად ვიხილეთ პირდაპირ ეთერში როგორ დაარღვია ის პირობა, რომელიც ამ ადამიანს ნიკანორ მელიას დაკისრებული ჰქონდა სასამართლო წესით. ყველამ ვიხილეთ დემონსტრაციულად სამაჯურის მოხსნა და გადაგდება. ეს არის  სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულება და პირობის დარღვევა.

არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, როდესაც პირს ვისაც აქვს დაკისრებული შესაბამისი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში გირაოს სახით და არღვევს ამ პირობებს, პროკურატურა უფლებამოსილია, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე შესაბამისი პირობით. ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი საკითხი. ვინც არ ასრულებს კანონს და არ ემორჩილება, ლოგიკურია, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის მიზეზი ის არის, რომ ნიკა მელიამ პირველ ნოემბერს აქციაზე ელექტროსამაჯური მოიხსნა.