სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრებს შორს ჩხუბის დროს მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 26 ივლისს, N17-ე პენიტენციური დაწესებულების პატიმარ ი.ჩ-ს საკანში ყოფით ნიადაგზე სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ამავე დაწესებულების პატიმარ შ.ა.-თან, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. განცხადების მიხედვით, პატიმარმა ჩხუბის დროს შ.ა. შებოჭა და მოკვლის განზრახვით მეტალის კორპუსის მაგიდასა და იატაკზე ძლიერად დაახეთქა. ი.ჩ-მ თავის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, N17-ე დაწესებულების სამედიცინო პუნქტში გარდაიცვალა.
“აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიება 2021 წლის 26 ივლისს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო და ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გააგრძელა. გამოძიების პროცესში დათვალიერებული შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ბიოლოგიური მასალის ნიმუშები, ანაწმენდები და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. გამოიკითხა 100-მდე პირი, მათ შორის – სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პატიმრები, სამედიცინო ექსპერტი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.
ასევე, საგამოძიებო ვერსიის გადამოწმების მიზნით, №17-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამავე დაწესებულებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები გამოთხოვილი იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან. ასევე, სასამართლო-სამედიცინო, კომპლექსური გენეტიკურ-ბიოლოგიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და სამედიცინო – კრიმინალისტიკური ექსპერტიზები ჩატარდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მკვლელობის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, ბრალდებული პატიმრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, გამოტანილია ბრალდების დადგენილება”. – ვკითხულობთ განცხადებაში.