სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან მთლიანად გაწმინდა. წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით პარლამენტის წინ აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმი რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ამაგრებდა, აქციის მონაწილეებს კი პერიოდულად ცრემლსადენი გაზის ჭურვებს ესროდნენ და წყლის ჭავლს უშვებდნენ. ათასობით აქციის მონაწილე რუსთაველის გამზირზე რჩებოდა და მას მხოლოდ დროებით, ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ ტოვებდა, შემდეგ კი უკან ბრუნდებოდა. ხუთი საათისთვის სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან მთელი რუსთაველის გამზირის გაწმენდა დაიწყო. მათ რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების მიერ ნაგვის ურნებისგან და სკამებისგან აგებული ბარიკადებიც დაშალეს. სპეცრაზმი რესპუბლიკის მოედნამდე მივიდა.
პარალელურად მიმდინარეობდა აქციის მონაწილეთა დაკავება. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი დააკავეს დღეს ღამით.