ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილის შეფასებით, ოპოზიცია რადიკალიზმშია გაერთიანებული და ისინი საკუთარი გადაწყვეტილების მძევლები არიან.
“გახარიას პოლიტიკაში შემოსვლამ შეიძლება დაარღვიოს სრულიად უმსგავსო და არანაირი დადებითი შედეგის მომტანი ოპოზიციური ერთიანობა.
ყველაზე დიდი პრობლემაა, ეს არის ერთიანობა რადიკალიზმში და ერთიანობა კომპრომისის უნარის არქონაში. ოპოზიციაში არის ბევრი ადამიანი, რომელიც სრულიად სხვა მიდგომების მომხრეა, მაგრამ ვერ არღვევს “მითიურ ერთიანობას”. ვერ არღვევენ, რადგან მძევლები არიან საკუთარი გადაწყვეტილების. იჩქარეს ბოიკოტის გადაწყვეტილება”,- ამბობს ზურაბიშვილი რადიო თავისუფლების გადაცემაში “დილის საუბრები”.
მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები ძალიან რადიკალურია და ხელისუფლება ამას არ დათანხმდება.
“ამიტომ, ამ სიტუაციაში პრინციპში ჩვენ ვართ ჩიხში. ამ ჩიხიდან გამოსავალი შეიძლება იყოს არა როგორც მსხნელის, არამედ, მაგალითად ახალი მოთამაშის შემოსვლა. ვთქვათ იგივე გახარია თუ შემოვა პოლიტიკაში. არა აქვს ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა იმას, ის იქნება ბიძინა ივანიშვილის შემოშვებული, თუ იქნება ბიძინა ივანიშვილის ოპოზიცია. უბრალოდ ის აჭრის სიტუაციას. სიტუაციის აჭრამ შეიძლება რაღაც ცვლილებები გამოიწვიოს ოპოზიციურ სპექტრში და გადააწყონ პრიორიტეტები“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ ეს ჩიხი დარჩა, აუცილებლად იქნება ევროპიდან და ამერიკიდან სანქციები და გაუარესდება სიტუაცია.