სსრკ2–რუსული წყაროების ინფორმაციით უკრაინაში მარცხის ფონზე კრემლი ბელორუსის, აფხაზეთისა და ცხინვალის მიერთებისთვის ემზადება

რუსული და ოსური ტელეგრამ არხებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერები 22 თებერვალს მოსკოვში ვიზიტს  გეგმავენ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან პირად შეხვედრებს გამართავენ. მანამდე პუტინი ლუკაშენკოსთან შესახვედრად ემზადება. რუსი ექსპერტები ასკვნიან, რომ ამ შეხვედრების შედეგად შესაძლოა ამ სამ რესპუბლიკაში გამოცხადდეს რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ ან ინტეგრაციის სხვა ღონისძიება.

ამავე არხების ინფორმაციით, გარდა ამისა, შესაძლებელია, ინტეგრაციის ფარგლებში მსგავსი პროცესები მოხდეს დნესტრისპირეთში, მაგრამ იქ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა კვლავ დაბალანსებულ პოზიციას იკავებს და მზად არ არის ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მისაღებად.

„ფაქტობრივად, ჩვენ ვსაუბრობთ 22 თებერვალს გამოცხადებაზე, რომ რუსეთი არ იზრდება ახალი რეგიონებით, არამედ აყალიბებს დიდ მოკავშირეო სახელმწიფოს, სრული შერწყმის პერსპექტივით. მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვსაუბრობთ ასეთ ალიანსზე, რომლის გამოცხადება მნიშვნელოვანი სიგნალი უნდა იყოს დასავლური ელიტებისთვის“, – ამბობენ ამ არხების ანონიმი წყაროები.

პუტინის 21 თებერვალს ფედერალურ ასამბლეაში გამოსლას გეგმავს. ექსპერტები დიდი ხანია ცდილობენ გამოიცნონ, რას იტყვის პუტინი მისი გამოსვლისას. ერთ–ერთი, რაზეც პუტინს სავარაუდოდ საუბრი სურს, უკრაინაში მიღწეული წარმატებებია. სწორედ ამით ხსნიან ექსპერტები მის დაჟინებულ შეტევებს ბახმუტისა და უგლედარის მიმართულებით, თუმცა ჯერჯერობით რუსულმა ძალებმა აქ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა პუტინმა თავის გამოსვლაში მობილიზაციის ახალ ტალღა ან რაიმე სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოაცხადოს უკრაინასთან დაკავშირებით.

გასულ წელს პუტინმა რამდენჯერმე გადადო თავისი ტრადიციული გამოსვლა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატაში გასული წლის განმავლობაში, სავარაუდოდ იმ იმედით, რომ საზეიმოდ გამოაცხადებდა რუსეთის მთავარ გამარჯვებებს უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ უკრაინაში თუნდაც მცირე გამარჯვების მომენტი ვერ დადგა.

სწორედ ამ ფონზე გააქტიურდა საუბრები იმაზე, რომ უკრაინაში მარცხის ფონზე რუსეთმა შესაძლოა საკუთარი ტერიტორიების გაფართოება და უკრაინული მარცხის გადაფარვა საქართველოს ტერიტორიების ანექსირებით სცადოს.

“სამხრეთ ოსეთის ახალი ამბები“–ს ტელეგრამ არხი წერს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უფრო ღრმა ინტეგრაცია რუსეთში, ამ ტერიტორიების შემდგომი შესვლით, სამუშაო  ვარიანტია და აქტიურად განიხილება. რამდენიმე მნიშვნელოვანმა წყარომ არ გამორიცხა, რომ პუტინი 21 თებერვლის მიმართვაში პოსტსაბჭოთა სივრცის ინტეგრაციის თემასაც შეეხება.

კიდევ ერთი ტელეგრამ არხი წერს, რომ აფხაზეთისა და ოსეთის რუსეთში შესვლა შესაძლოა თურქეთთან გარიგების ნაწილი იყოს, რომელიც დაინტერესებულია ამიერკავკასიაში თავისი გავლენის გაძლიერებით და სომხეთის ბუფერულ სახელმწიფოდ გადაქცევით. ამავე არხის ინფორმაციით,  სამხედრო ანალიტიკოსმა ასევე დაადასტურა, რომ საქართველო ახლა საგრძნობლად არის დასუსტებული რუსეთისთვის პასუხის გასაცემად. არხი ციტირებს “თბილისელ ექსპერტს“, რომელიც ამბობს: „თბილისს არც რესურსი აქვს და არც მხარდაჭერა. ერთადერთი რისი გაკეთებაც ქართველებს შეუძლიათ, არის ყველა რუსი განდევნა და ქვეყანაში წვდომის დახურვა. მაგრამ ეს მხოლოდ მოსკოვს გაახარებს“.

რუსული ტელეგრამ არხები წერენ, რომ რუსეთი შეიძლება ისევ წავიდეს ვაბანკზე და დიდი დანაკარგების გარეშე გააფართოვოს მისი ტერიტორია და გავლენის ზონა. სავარაუდოდ, უახლოეს წლებში რუსეთი დაკარგავს სომხეთს, როგორც მოკავშირეს, თურქეთი კი რეალურად გააკონტროლებს კავკასიას. ამიტომ მოსკოვს ფაქტიურად  ტერიტორიების ინტეგრაციის ბოლო შანსი აქვს.

ერთ–ერთი ტელეგრამ არხი წერს, რომ უკვე არსებობს არაპირდაპირი დადასტურება იმისა, რომ  პუტინს და კრემლს აქვთ   „სსრკ 2“-ის შექმნის გეგმა.

ამაზე წერს რუსი დეპუტატი, დიმიტრი კუზნეცოვიც მის ტელეგრამ არხზე.

 

რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „სამუშაო ვიზიტით“ უკვე მოსკოვში იმყოფება, სადაც 14 თებერვალს ჩავიდა.

მათივე ცნობით, „სამუშაო ვიზიტის“ ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაერთ შეხვედრას გამართავს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბჟანია მოსკოვში, სავარაუდოდ, 7-10 დღეს დარჩება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22 თებერვალს მოსკოვში, სპორტკომპლექს “ლუჟნიკებზე“ კონცერტი–მიტინგი იგეგმება, რომელსაც ვლადიმერ პუტინიც დაესწრება. არ არის გამორიცხული, სცენაზე მის გვერდით აფხაზეთისა და ცხინველის ლიდერებიც ვიხილოთ და სწორედ აქ გამოცხადდეს საზეიმოდ კრემლის ახალი გეგმა საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით.