სტადიონებზე გულშემატკივრებს დასწრება შეეძლებათ – პროტოკოლში ცვლილებები შედის

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენიტის, ლევან კობიაშვილის თქმით, კორონავირუსისი შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, საქართველოს სტადიონებზე გულშემატკივრებს კვლავ შეეძლებათ დასწრება და მომდევნო დღეებში ეს ცვლილება პროტოკოლში აისახება.

“საკითხი დადგა გულშემატკივრების სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით. ეს შეეხება ღია სტადიონებს. მომდევნო დღეების განმავლობაში, პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება, თუმცა, ხაზს გავუსვამ, რომ ეს არ მოხდება ქაოტურად. სტადიონზე შესვლამდე ჩატარდება თერმოსკრინინგი, ყველა ის ზომა იქნება დაცული, რაც პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თითოეული გულშემატკივრის ჯანმრთელობისთვის”,– განაცხადა კობიაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ გულშემატკივრები სტადიონის მიღმა იკრიბებოდნენ, რაც კოვიდთან მიმართებით უსაფრთხო არ არის.