თურქეთის საგარეო მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ არ სრულდება სტამბოლში მიღწეული შეთანხმებები.
მისი თქმით, მუშაობს რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების ახალი შეხვედრის ორგანიზებაზე.
„სტამბოლში მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ იმ შედეგების განხორციელებას, რაც სტამბოლში შეხვედრის ბოლოს გამოცხადდა. შეხვედრა რუსეთსა და უკრაინა შეიძლება იყოს უფრო მაღალ დონეზე, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, უახლოეს ერთ-ორ კვირაში”,– თქვა ჩავუშოღლუმ TASS-ის ცნობით.
ცნობისთვის, მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ მკვეთრად შეამცირებდა სამხედრო აქტივობებს კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით. მიუხედავად ამისა, სადაზვერვო სამსახურების ცნობით, რუსეთს ბოლომდე არ დაუტოვებია ეს მიმართულებები. ბრიტანეთის ცნობით, მომდევნო დღეებში შესაძლოა მძიმე ბრძოლები გაიმართოს კიევის გარეუბნებში.