პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ ინფიცირებული სტიქაროსნისა და მისი ოჯახის წევრების, მათ შორის ასაკოვანი კაცის მდგომარეობა, ამ ეტაპზე სტაბილურია.
რატიანი არ ასახელებს, რომელ კლასტერს ეკუთვნიან ინფიცირებულები.
,,მე ვარ მკურნალი ექიმი, საბედნიეროდ, ეს ჩემი შესწავლის საგანს არ წარმოადგენს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ამ ეტაპამდე,” – თქვა რატიანმა.
თემქაზე, ზღვის უბანში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სტიქაროსანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ტაძრის წინამძღვარი მამა სერაფიმე ამბობს, სტიქაროსანს ინფექცია, სავარაუდოდ ბაბუისგან გადაედო, რომელსაც ფილტვების ანთება რამდენიმე კვირის წინ დაუდგინდა, კორონავირუსი კი შაბათს, 4 აპრილს დაუდასტურდა.
მამა სერაფიმეს თქმით, ბაბუის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, სტიქაროსანს უთხრა, რომ წირვას არ დასწრებოდა, ამიტომ, მისი თქმით, სტიქაროსანი 5 აპრილს მსახურებას არ დასწრებია.
მანამდე ,,ფორმულასთან” ტაძრის მესანთლემ თქვა, რომ აბიტურიენტი, რომელიც მათთან სტიქაროსანი იყო, ეკლესიაში წირვაზე მრევლთან ერთად იმყოფებოდა.