რაჭაში, კურორტ შოვში, სტიქიის ზონიდან მაშველებმა 70-მდე მოქალაქის გამოყვანა მოახერხეს, მათ შორის, ბავშვებისაც. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„სტიქიის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გოირგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი იმყოფებიან და სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ.
ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დარჩენილი მოქალაქეების გამოსაყვანად აქტიური სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, შოვში, სასტუმრო “სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მეწყერი ჩამოწვა. შსს-მ ადგილზე 2 ვერტმფრენი გაგზავნა.