ნატოს ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ავტორიტარული ძალების ალიანსი“ სულ უფრო მჭიდროდ მუშაობს დასავლური დემოკრატიების წინააღმდეგ.
BBC-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა სულ უფრო მეტად აერთიანებენ ძალისხმევას, უწევენ ერთმანეთს პრაქტიკულ მხარდაჭერას და ეს ალიანსი „უფრო და უფრო ერთიანი ხდება“.
ნატოს ხელმძღვანელმა განმარტა: „ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ეკონომიკას თავდაცვის ინდუსტრიისთვის საკვანძო პროდუქტების მიწოდებით, სანაცვლოდ კი მოსკოვი თავის მომავალს პეკინს აბარებს“.
რუსეთი აწვდის ტექნოლოგიებს ირანსა და ჩრდილოეთ კორეას საბრძოლო მასალისა და სამხედრო აღჭურვილობის სანაცვლოდ, დასძინა მან.
სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატოს მოუწია იმუშაოს ქვეყნებთან თავისი გეოგრაფიული არეალის მიღმა, როგორებიცაა იაპონია და სამხრეთ კორეა, რათა „შეეწინააღმდეგოს ავტორიტარული სახელმწიფოების მზარდ ძლიერ ალიანსს“.
სტოლტენბერგმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ნატოს მოკავშირეები მიიღებენ გადაწყვეტილებას გრძელვადიანი შეთანხმების შესახებ უკრაინის დაფინანსებაზე ივლისისთვის, როდესაც ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი გაიმართება.
ბოლო დღეებში ნატოს ხელმძღვანელი ცდილობდა დაერწმუნებინა სხვა ქვეყნები, რომ მეტი ფული გამოეყოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, რადგან ის რუსეთის აგრესიას უპირისპირდება. სტოლტენბერგს 100 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის შექმნის იმედი აქვს. ეს თანხა უკრაინას 5 წლის განმავლობაში გადაეცემა. სტოლტენბერგის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ შეთანხმება ივლისისთვის იქნება მიღწეული, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა ამას ეჭვით უყურებს.
მისი თქმით, უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ახლა, ასევე კონფლიქტის შემდეგ ქვეყნის აღდგენისთვის.
„მაშინაც კი, თუ გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ ომი უახლოეს მომავალში დასრულდება, ჩვენ გვჭირდება უკრაინის მხარდაჭერა მრავალი წლის განმავლობაში და გავაძლიეროთ მისი თავდაცვა მომავალი აგრესიის შესაჩერებლად“, – თქვა მან.
სტოლტენბერგმა თქვა, რომ სამხედრო მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინიდან რუსული ჯარების გაძევებისთვის და პუტინის იძულებისთვის, უარი თქვას საოკუპაციო მიზნებზე.
თუმცა, მან ასევე თქვა, რომ კიევს შესაძლოა საბოლოოდ მოუწიოს დათმობებზე წასვლა რუსეთთან.
„საბოლოოდ, უკრაინის გადასაწყვეტია, რა კომპრომისებზეა მზად, ჩვენ უნდა მივცეთ მათ შესაძლებლობა, იყვნენ ისეთ მდგომარეობაში, რომ რეალურად მიაღწიონ მისაღებ შედეგს მოლაპარაკების მაგიდაზე“, – განმარტა მან.
მან თქვა, რომ ახლა არ მოუწოდებს უკრაინას დათმობებზე წასვლისკენ და დასძინა, რომ “ნამდვილი მშვიდობა” მიღწეული იქნება, როდესაც “უკრაინა გაიმარჯვებს”.
სტოლტენბერგმა უარი თქვა კითხვებზე პასუხის გაცემაზე, შეშფოთებულია თუ არა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ის თქვა, რომ დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები კვლავ დარჩება უკრაინის მნიშვნელოვან მოკავშირედ და არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ქვეყანაში ხელისუფლებაში.
სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერის პოსტი 10 წლის წინ დაიკავა.
ორგანიზაციის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ მსოფლიო ახლა “ბევრად საშიში, ბევრად უფრო არაპროგნოზირებადი” და “ბევრად ძალადობრივია”.