სტრასბურგის წერილი მივიღეთ მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა – ბექა ძამაშვილი

“სტრასბურგის სასამართლოდან წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა”-  ასე ეხმაურება, იუსტიციის მინისტრის მოადგილე,  ბექა ძამაშვილი სტრასბურგის სასამართლოს წერილს, რომელიც გუშინ, სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა.

„სტრასბურგის სასამართლოდან აღნიშნული წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი ჩაატარა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით სააკაშვილს რომელიც არ ასრულებდა სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებულ მოწოდებას გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. მას შემდეგ, რაც პატიმარი გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში და წარმატებით მიმდინარეობს მისი შიმშილობის შემდგომი პერიოდის მკურნალობა, ევროპული სასამართლოს მიერ ორივე მხარის მიმართ გაკეთებული მითითებები შესრულებულია. იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია და საბოლოო ინფორმაცია გაიგზავნება დათქმულ ვადაში“, – აცხადებს ბექა ძამაშვილი.