სტრასბურგმა 5-6 ივლისის მოვლენებზე, საქართველოს წინააღმდეგ საქმე განსახილველად დაარეგისტრირა – აღნიშნულ ინფორმაციას “თბილისი პრაიდი” ავრცელებს. სტრასბურგის სასამართლოში “თბილისი პრაიდის” ინტერესებს ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” დაიცავს.
“აღნიშნული საქმე ეხება გასული წლის 5-6 ივლისის მოვლენებს – ძალადობრივი ჯგუფების მიერ “ღირსების მარშის” ორგანიზატორებისა და ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას.
მომჩივნები სტრასბურგის სასამართლოს სთხოვენ დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა მე-3 და მე-11 მუხლებთან კავშირში, რაც გულისხმობს დისკრიმინაციული მოტივით ღირსების შემლახველ მოპყრობასა და შეკრების თავისუფლების ხელყოფას.
მომჩივნები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის პრევენციის მიზნით სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურ გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლების დაზარალებულად არ ცნობაზე”, – წერია “თბილისი პრაიდის” განცხადებაში.