სტრატეგია აღმაშენებელი: ენმ-ს ყალბი ანგარიშები გვიტევენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ

“სტრატეგია აღმაშენებელი” აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ყალბი ფეისბუქ ანგარიშები და პარტიის აქტივისტები მათ Facebook–გვერდებს უტევენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ პარტიასა და მის ლიდერებს.

“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ფეისბუქ „ექაუნთების“ მხრიდან ჩვენს „ფეიჯებზე“ შეინიშნება მასიური შემოტევა. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული და დაბლოკილი იქნა ასობით „ფეისბუქ“ ექაუნთი. მათი უმეტესობა არის ახალშექმნილი, ამაზე მიუთითებს შექმნის დრო და მეგობრების მცირე რაოდენობა.

თუმცა აქტიურობს არაერთი ძველი „ფეიქ ექაუნთიც“, მაგალითად, აგრესიული ტროლია ვინმე ქეთი ბუკია, რომელიც უშუალოდ “სტრატეგია აღმაშენებელზე” და გიორგი ვაშაძეზეა მიმაგრებული და ყველა პოსტზე ლანძღვითაა დაკავებული. აღნიშნული „ფეიქ ექაუნთები“ იყენებენ სიძულვილის ენას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ პარტიასა და მის ლიდერებს”,– აცხადებს პარტის.

მათივე თქმით, ანგარიშების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაუგზავნეს, ნაციონალურ მოძრაობას კი მოუწოდებენ, შეწყვიტონ ორკესტრირებული შეტევა.

“ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული „ფეიკ ექაუნთები“ უკვე გადაგზავნილია აღნიშნული საკითხის შესწავლით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში. გარდა ამისა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების და აქტივისტების მხრიდან ხდება ასევე ორკესტრირებული შემოტევა ჩვენს „ფეიჯებზე“, როგორც ჩანს, მათ აქვთ მიღებული საერთო მესიჯი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში სიტყვა-სიტყვით აკომენტარებს რამდენიმე ადამიანი. ეს არის სირცხვილი.

მოვუწოდებთ “ნაციონალურ მოძრაობას” შეწყვიტოს ეს ორკესტრირებული შეტევა ჩვენს ფეიჯებზე ჩვენს მიმართ ცრუ ნეგატიური განწყობების სიმულაცია”,– აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.