“სტრატეგია აღმაშენებლის” ოფისში მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები იკრიბებიან

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები “სტრატეგია აღმაშენებლის” ოფისში იკრიბებიან. ისინი ამნისტიის კანონზე კონსულტაციების გამართავენ.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ კარგია, მელია რომ თანმხდება ევროპარლამენტარების თავდებობას, თუმცა ამით მისი საქმე არ დაიხურება და ამნისტიის კანონი მაინც უნდა მიიღონ.

“ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების ცალსახა პოზიცია, რომ აუცილებლად ასე უნდა მომხდარიყო, ანუ მიგვეღო ამნისტიის კანონი, რითაც მელიას და პროტესტში მონაწილე სხვა პირების საქმეები ერთხელ და სამუდამოდ დაიხურებოდა. ვფიქრობ, ამნისტიაზე სპეკულაცია არასწორია, საქმეს მივხედოთ, ვიმუშაოთ და წავიდეთ წინ”,– თქვა ვაშაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

შეხვედრაზე უკვე მივიდნენ პარტია “ლელო”-ს წევრები. ანა ნაცვლიშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრის თემა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის,  ნიკა მელიას გათავისუფლებისა და ამნისტიის საკითხი იქნება.

ლელოს ერთ–ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ქვეყანაში კრიზისს ვერ განმუხტავს, ამიტომ მისი პარტია გონივრულ რისკზე წასასვლელად მზადაა.