“ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თურქეთმა და აშშ-მ იციან, რომ ამ ფორმატში ძალიან გაჭირდება ჩვენი მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან, იმ პირობებში, როდესაც დე-ოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს ვერ ვხედავთ” – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში 3+3 ფორმატთან დაკავშირებული შეხედულებების შესახებ ისაუბრა. როგორც ზალკანიანი აცხადებს, 3+3 ფორმატი რთული იქნება რუსეთთან ერთად მონაწილეობა თუმცა, საქართველომ ამ პროცესში რაღაც ფორმით მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომ ქვეყანამ რეგიონში ფუნქცია არ დაკარგოს.
“არაერთხელ გაგვიჟღერებია ჩვენი პოზიცია, ეს ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის ჩვენმა მეზობლებმაც, როგორც სომხეთმა, როგორც აზერბაიჯანმა, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თურქეთმა და აშშ-მ იციან, რომ ამ ფორმატში ძალიან გაჭირდება ჩვენი მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან, იმ პირობებში, როდესაც დე-ოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს ვერ ვხედავთ. ძალიან რთულია ამ ფორმატში დაჯდე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრო. თუმცა, მინდა საზოგადოებას ფიქრისთვის ესეთი პოზიცია მივაწოდო, რომ ჩვენ ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში რაღაც ფორმით უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესებისა და არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა წითელი ხაზია…
აუცილებელია, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩეთ იმ პროცესებს, რაც რეგიონში ვითარდება და აუცილებლად ყველა იმ, თუნდაც, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ვიყოთ, რომელიც შეიძლება აცდეს საქართველოს და ამით საქართველომ თავისი როლი და ფუნქცია დაკარგოს”, – თქვა დავით ზალკალიანმა პირველი არხის ეთერში.