უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ტვ იმედთან საუბრისას ამბობს, რომ ნიკა მელიას ციხის კარის გასაღები თავად ნიკა მელიას და მის თანაგუნდელებს აბარიათ.
მისი თქმით, ნორმალური მოვლენა, რომ ჩადენილი დანაშაულის გამო ყველა პასუხის აგებს.
„ნიკა მელიასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ადამიანი არ უნდა არღვევდეს კანონს და კანონს ყველა უნდა ემორჩილებოდეს. თავისთავად ცუდია, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი ზის ციხეში, ოღონდ ის პოლიტიკური პარტიის ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც სავარაუდო დანაშაული ჩაიდანა და შეიძლება, სწორედ ამიტომ აირჩიეს ლიდერად. ამაზე თვითონ აქვთ პასუხი, მე არ მაქვს.
მის ხელშია გასაღები, როდის გამოვა ციხიდან. ციხის კარის გასაღები ნიკა მელიას და მის თანაგუნდელებს აბარიათ. გადაიხდიან – ჩხაკ, გასაღებს გადაწევენ და გარეთ გამოვლენ. დამნაშავე ყველა ქვეყანაში ისჯება. ჩვენ ვნახეთ, რომ შეერთებულ შტატებში კონგრესის თანამშრომელი დაიჭირეს, ერთ-ერთ სენატორს იმუნიტეტი შეუწყვიტეს. ეს ნორმალური მოვლენაა, ჩადენილი დანაშაულის გამო ყველა პასუხის აგებს”, – განაცხადა სუბარმა.