სუბარი: ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, რომ გახარია იყოს ოპოზიცია და არა კრიმინალები

უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ივანიშვილის ძალა ის არის, რომ მის გუნდში ძალიან ბევრი ლიდერია, ამიტომ ვიღაცის წასვლა რყევებს ვერ გამოიწვევს.

“გაჩნდა ეჭვი, ეს [გახარიას ოპოზიციაში გადასვლა] ხომ არ არის ქართული ოცნების თამაში, ბიძინა ივანიშვილის პროექტი, ეს ნამდვილად ასე არ არის, შემიძლია, ამაში დავარწმუნო ყველა, ქართული ოცნება არის ძლიერი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის ძალა სწორედ ის არის, რომ მან შექმნა გუნდი, რომელშიც არის ძალიან ბევრი ლიდერი.

ვიღაცის წასვლა, ვიღაცის შემოსვლა ამ გუნდში რყევებს არ იწვევს, ეს გუნდი სტაბილურად მეცხრე წელია იგებს ყველა არჩევნებს, იგებს ყოველგვარი გაყალბების გარეშე და იგებს სწორედ თავისი ერთგული მხარდამჭერების იმედად, ასე რომ თუ ოპოზიცია არ მოეგება გონს და არ შემოვა პარლამენტში, გამოჩნდებიან ძალები, ვინც მის ადგილს დაიკავებენ, იქნება ეს გახარია თუ იქნება სხვა ვინმე”,- თქვა სუბარმა პალიტრანიუსთან საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, რომ გახარია იყოს ოპოზიცია და არა “ნაციონალური მოძრაობა და სხვა კრიმინალები”.