საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, სუდანში დაახლოებით 30-მდე ქართველია, რომლებიც უსაფრთხოდ არიან თუმცა მათი გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
“ჩვენ კონტაქტზე ვართ ქართველებთან, ვინც იქ არიან, დაახლოებით 30-მდე ქართველი არის. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ჩვენც ვთხოვთ ჩვენ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გამოსვლისგან და გადაადგილებისგან. ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენ პარტნიორებთან ერთად, რომ ჰუმანიტარული კორიდორი გაკეთდეს, ან შესაძლებლობა მოვძებნოთ რამენაირად, რომ ჩვენი მოქალაქეები დროულად გამოვიყვანოთ სუდანიდან, რომ უსაფრთხოდ დავაბრუნოთ შემდეგ საქართველოში. […] სამწუხაროდ ამ მომენტამდე არ გაჩერებულა სროლები და შეტაკებები, რომ ვთქვათ, რომელიმე მხარემ აიღოს კონტროლის ქვეშ სიტუაცია და მოხდეს იმ მხარესთან მერე ნებართვებზე და დოკუმენტებზე დალაპარაკება. ველოდებით რომ ცოტა ჩაწყნარდეს, რომ შესაძლებლობა გვქონდეს ორივე მხარეს დაველაპარაკოთ, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ გველაპარაკებიან, იმიტომ რომ შეტაკებებში არიან ჩართულები. ქართველები ყველა უსაფრთხოდ არიან, ჯანმრთელად არიან, იმ ადგილზე არიან, სადაც ცხოვრობენ”,- ამბობს ხვთისიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ (RSF) შორის დაპირისპირება გრძელდება. ექიმების ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1100-ს აღწევს.