აზოვის პოლკის განცხადებით, ქალაქ მარიუპოლში უცნობი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერების გავრცელების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია.
მათი ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობის კონტაქტი ნივთიერებასთან მინიმალური იყო, რადგან ეპიცენტრი მათთან ახლოს არ იყო, სამხედროები კი ცოტა უფრო ახლოს იყვნენ.
“თუმცა, მოწინააღმდეგის ცეცხლის გამო შემთხვევის სრულყოფილად გამოძიება ამჟამად შეუძლებელია, რადგან რუსები აგრძელებენ საკუთარი დანაშაულის დამალვის ტაქტიკას”,– აცხადებს აზოვი.
მათივე ცნობით, დაზარალებულთა შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ხანდაზმულ ქალს აქვს.
“დავკარგე გონება, ძლივს გადავრჩი, სიარული არ შემიძლია. აქამდე ჩემი ჯანმრთელობა ნორმალური იყო”,– ამბობს დაშავებული ქალი.
კიდევ ერთი დაშავებული იხსენებს, რომ ნივთიერების შესუნთქვის შემდეგ სუნთქვა გაუჭირდა და თავბრუ დაეხვა.
“ვიდექით პოზიციებზე და აფეთქების ხმა გავიგეთ. ავედით, რათა შეემოწმებინა, რა ხდებოდა. დავინახეთ ნისლი, უფრო კვამლივით, არა სქელი, კვამლის მსგავსი. დავბრუნდით თავშესაფარში და რომ შევედით, ქოშინი ვიგრძენი, სუნთქვა მიჭირდა და მაშინვე თავბრუსხვევა დამეწყო, ფეხები მომეკეცა, ბამბასავით იყო. გასცეს ბრძანება, გაზის ნიღბები გაგვეკეთებინა, გავიკეთეთ. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, ცუდად ვსუნთქავდი. რა არის, გაუგებარია”,– ამბობს მოწამლული მამაკაცი.
აზოვის პოლკის განმარტებით, დაშავებულთა ძირითადი სიმპტომებია: სახის ჰიპერემია, მაღალი წნევა, სიმშრალე და გულძმარვა ოროფარინქსისა და თვალების ლორწოვან გარსებში, თუმცა სრული ბლოკადის გამო გაშვებული ნივთიერების ტოქსიკოლოგიური ანალიზი შეუძლებელია.
“ამავდროულად, მთავარი ამოცანაა პერსონალის მდგომარეობისა და მოწამვლის შესაძლო შედეგების მონიტორინგი”,– აღნიშნულია განცხადებაში.