სუპერმარკეტში ჩვენ არ ვკოცნით სალარო აპარატსა და მოლარეს – ლაშა ბუღაძე სასულიერო პირებს

მწერალი ლაშა ბუღაძე სასულიერო პირების განცხადებებს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი სუპერმარკეტებშიცაა, ეხმაურება და ამბობს, რომ სუპერმარკეტში შესული ადამიანები სალარო აპარატსა და მოლარეს არ კოცნიან.

,,სუპერმარკეტში ჩვენ არ ვკოცნით სალარო აპარატსა და მოლარეს. იქ როდესაც ერთი კოვზით იღებს საზიარო პურს, ან როდესაც კოცნიან ერთსა და იგივე ხატს და შუშას ეს არის პრობლემა, თორემ ერთმანეთს არ ვკოცნით ჩვენ ბანკის რიგში თუ ვდგავართ”, — განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

ის სასულიერო პირების მხრიდან მრევლის პასუხისმგებლობაზე საუბარს შუქნიშანზე გადასვლას ადარებს.

,,სამარცხვინოა, როცა საზოგადოებას, ხალხს გვაკისრებენ პირველ რიგში პასუხისმგებლობას. თურმე ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა. გამოვიჩენთ, რამდენადაც შესაძლებელია, მაგრამ ეს იგივე იდიოტიზმია, ადამიანს არჩევანის თავისუფლება მისცე, ვთქვათ, გაჩერდეს თუ არა, როდესაც შუქნიშანზე წითელი აინთება, აი, შენ გადაწყვიტე, დაგარტყამს თუ არა მანქანა. ან – იცი რა, ღვედი თუ გინდა გაიკეთე, თუ გინდა არ გაიკეთო. ეს ხომ მარაზმია, როცა ასეთ დროს ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ აკისრებს ამგვარ არჩევანის თავისუფლებას, ახლა გაახსენდათ თურმე არჩევანის თავისუფლება”,- თქვა ბუღაძემ.

მეუფე იაკობის განცხადებით, მრევლმა, ვინც აღდგომის ღამეს წირვაზე მივა, თვითონ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.

კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და ინფექციონისტების მოწოდებების მიუხედავად, 15 აპრილს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ სააღდგომო ლიტურგიას დიდ ტაძრებში მრევლიც დაესწრება, ხოლო მცირე ეკლესიებში ისინი გარეთ იქნებიან. მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ დისტანციას დაიცავენ, თუმცა მათ ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეუცვლიათ.