გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცლებს, რომელშიც განმარტავს, როგორ აღმოჩნდა სუს–ის 3 ავტომობილი ბაჩალიაშვილის მანქანის უკან.
უწყების მტკიცებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ სუს–ის ბალანსზე აღრიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან და აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე.
„თამარ ბაჩალიაშვილმა კუთვნილი ავტომანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გადაადგილება ჯერ ფონიჭალის მიმართულებით, ხოლო შემდეგ თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე”,– აცხადებს პროკურატურა.
მათივე ცნობით, ბაჩალიაშვილის საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები. ასევე, გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე.
პროკურატურა აცხადებს, რომ „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა, რათა მათ განემარტათ, რატომ წაიშალა ბაჩალიაშვილის ფეისბუქი. გარდა ამისა, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით.
“საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან კონსულტაციებს გააგრძელებს და საზოგადოებას ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას“, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.