სუს-ის მოსმენების გამო საქართველოს ელჩი ბრიუსელში დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების საქმეზე საქართველოს ელჩი ევროკავშირში ბრიუსელში დაიბარეს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილების მიხედვით, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უსმენენ, მათ შორის, კარლ ჰარცელსაც. ამის შესახებ დღეს ინფორმაცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

“თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია მოსმენების შესახებ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, იმიტომ, რომ ეს კითხვებს აჩენს. იცით, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებს ვენის კონვენცია არეგულირებს. არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ისეთი ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც საქართველოა, ასეთ მოქმედებებშია ჩართული. ამ მიზეზით, გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში შეხვედრაზე დაიბარეს ბრიუსელში, ევროკავშირის სათავო ოფისში, იმისთვის, რომ პოზიციები ყოფილიყო გარკვეული და შემდგომი სათანადო ნაბიჯები იქნას გადადგმული”. – თქვა კარლ ჰარცელმა.