სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს- პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
“2022 წლის ოქტომბერში, გრიგოლ ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან, ჩაღათაი ულქერისგან, ეკონომიკის მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, ქრთამის სახით მილიონი დოლარი აიღო, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისთვის.
ასევე, 2022 წლის თებერვალში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაურაძის მეშვეობით, კომპანია ექსპრეს სერვისი 2008-ის დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, მოსთხოვა და გამოართვა მილიონნახევარი ლარი.
მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. ამ დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 დოლარი მიიღო.
მეოთხე ეპიზოდი: გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა.
ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ”. – თქვა ივანიშვილის გენპროკურორმა, გიორგი გვარაკიძე უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.















