სუს-ი ოტობაიაში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მესამე დაკავებულსაც ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სამართალდამცველებმა ოტობაიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

“საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით შემდგარი კომუნიკაციის შედეგად დამატებით გაირკვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღნიშნულ სოფელში უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კერძოდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზით აღნიშნული დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაშიც, ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“ და უკანონოდ დაკავებულ პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“.

როგორც წინა განცხადებაშიც აღინიშნა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით” – წერია სუს-ის განცხადებაში.

დილით გავრცელებულ განცხადებაში, სუს-ი მხოლოდ ორი პირის დაკავებაზე წერდა. ცოტა ხნის წინ კი უწყებამ მეორე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზით დაუდასტურეს მესამე დაკავებულის შესახებ.