სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ.ბორდერიზაციის უკანონო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში, აღნიშნულია, რომ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურობას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
“ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირისა და ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარედ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ფიქსირდება 2013 წლიდან. მიმდინარე წლის თებერვალში ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2013 წლიდან არსებულ საოკუპაციო ღობის შიგნით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ იქნა გავლებული მავთულხლართები. საოკუპაციო რეჟიმის ყველა უკანონო აქტივობა ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
პროცესთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ აქტიურდება ცხელი ხაზი, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განხილულია IPRM-ის შეხვედრებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ხორციელდება აღნიშნული მონაკვეთის პერმანენტული მონიტორინგი.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – აცხადებენ სუს-ში.
ტახტისძირში საოკუპაციო ძალებმა ახალი მავთულხლართები გაავლეს. შედეგად, დამატებით 20 ჰექტარი მიწა საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა.